პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტო ათავისუფლებს თანამშრომლებს 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხამაში მონაწილეობის ბრალდებების ფონზე. იუწყება "დოიჩე ველე".
„მე მივიღე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევუწყვიტო ამ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები და ჩავატარო გამოძიება სიმართლის სწრაფად დადგენის მიზნით“, - განაცხადა სააგენტოს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ.
ლაზარინიმ აღიარა, რომ ბრალდებები ამ თანამშრომლების მიმართ შოკისმომგვრელია. მისი თქმით, ისრაელმა მას მიაწოდა ინფორმაცია თავდასხმაში სააგენტოს რიგი თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ.
„სააგენტოს ყველა თანამშრომელი, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ტერორისტულ აქტებთან, პასუხს აგებს სისხლის სამართლებრივი გზით“, - განაცხადა მან. ფილიპ ლაზარინის არ დაუზუსტებია, თუ რა კონკრეტულ ქმედებებში ედავებიან სააგენტოს თანამშრომლებს და მის რამდენ თანამშრომელს შეეძლო მონაწილეობის მიღება „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სააგენტოს პერსონალის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში და აღნიშნა, რომ სააგენტოსთვის ამ ატაპზე დამატებითი თანხების გამოყოფა შეჩერებულია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 24 იანვარს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან აღნიშნულის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ბრალდებები საფუძვლიანად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული.
გუტერეშმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია მომხდარით. მისივე განცხადებით, პასუხისმგებელი პირები ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„ვინც ღალატობს გაერო-ს ძირითად ფასეულობებს, ის ღალატობს მათ, ვისაც ვემსახურებით ღაზაში, მთელ რეგიონში და მსოფლიოს სხვა კუთხეებში“, - აღნიშნა გუტერეშმა.
ომის დაწყებიდან ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.