საინფორმაციო სააგენტო „როიტერი იფსოსის”მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა შორის, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენთან 6 პროცენტული პუნქტით ლიდერობს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
კვლევაზე დაფუძნებით, „როიტერი“ წერს, რომ ამომრჩეველთა უმეტესობას არ სურს, ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთმანეთის პირისპირ, კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იხილოს.
ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, “იფსოსმა” 1250 ზრდასრული გამოკითხა. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მხარს დონალდ ტრამპს უჭერს, 24% კი, - ჯო ბაიდენს. დანარჩენს, არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას ან სხვას აძლევს, ან არავის. გამოკითხვის შედეგებში, ცდომილების ზღვარი 3%-ია.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის მორიგ ბრძოლაში, ნიუ-ჰემფშირში, ტრამპმა ამ კამპანიაში დარჩენილი მისი ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი დაამარცხა, ორშაბათიდან, ოთხშაბათამდე ჩატარებული გამოკითხვის დროს, რესპონდენტთა 67%-მა თქვა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი და იგივე კანდიდატების ყოფნით დაიღალა და სურს ვინმე ახალი იხილოს.“ თუმცა, მხოლოდ რესპონდენტთა 18%-მა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევანის გაკეთება ბაიდენსა და ტრამპს შორის მოუწევთ, არჩევნებში ხმას არ მისცემენ.
გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილონი არიან შეერთებული შტატების ორპარტიული სისტემით. ყოველი ოთხი გამოკითხულიდან ერთი კი ამბობს, რომ ამ სისტემით კმაყოფილია.
ამ გამოკითხვის შედეგები ასკვნის, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ წინაშე არსებული არჩევანით კმაყოფილი არ არის.
გამოკითხულთა 70 პროცენტი - მათ შორის დემოკრატების დაახლოებით ნახევარი - დაეთანხმა განცხადებას, რომ ბაიდენი არ უნდა ცდილობდეს ხელახლა არჩევას. ამავე გამოკითხვაში, გამოკითხულთა 56 პროცენტმა განაცხადა, რომ ტრამპმა არ უნდა იყაროს კენჭი, მათ შორის რესპუბლიკელების დაახლოებით მესამედმა.