გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს სათაურით "საქართველო პუტინის გზას მიჰყვება", სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს მიმოიხილავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს - "ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, მაშინ როდესაც ზოგიერთი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას".
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.
"პოლიტიკურად პოლარიზებული საქართველოში კი ვითარება დაღმავალია", - ნათქვამია მოხსენებაში.
"დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ... ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ". - ეუბნება Politico-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, ალექსანდრა საბუ.
საბუს თქმით, საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა შემოღო პუტინის სტილის "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, რასაც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
"კანონი იყო ერთგვარი "ქოფი-ფეისტი" (დაკოპირებული) რუსული კანონიდან, ზოგიერთი... ადგილობრივი ელემენტებით, მაგრამ მსგავსება აშკარა იყო", - თქვა საბუმ.
როგორც Politico-ს სტატიაში ვკითხულობთ, ანგარიშის თანახმად, საქართველომ განიცადა უკუსვლა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის კუთხით, რაც მიუთიტებს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას.
"ყველა ძირითად სფეროში შეინიშნებოდა უკუსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველო კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვა", - ამბობს საბუ.
მაშინ, როცა საქართველო ნელ-ნელა შორდება, "უკრაინისა და მოლდოვა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს. ამ სიაში მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზე კი უკრაინაა.