2024 წლის ნოემბერში ამერიკელები საარჩევნო კაბინებს მიაშურებენ, რათა აირჩიონ შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი. მას, ვინც დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, უდიდესი გავლენა ექნება ხალხის ცხოვრებაზე როგორც შინ, ასევე აშშ-ის ფარგლებს გარეთ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც სუპერსახელმწიფოს მეთაური, დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, იმაზე თუ რა რეაგირებას ახდენს მსოფლიო საერთაშორისო კრიზისებზე - ომები, კონფლიქტები, გლობალური კლიმატის ცვლილებები და სხვა.
ამიტომაც, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, როდესაც შეერთებულ შტატებში ახალ პრეზიდენტის ირჩევენ, წინასაარჩევნო კამპანია დიდ ინტერესს იპყრობს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
გარდა ამისა, ამერიკის რთული საარჩევნო სისტემის გამო, დიდია ინტერესი იმის მიმართ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.
როდის ტარდება არჩევნები და ვინ მონაწილეობს მასში?
საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის ტარდება სამშაბათს, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ. ამჯერად, 2024 წელს ეს დღე 5 ნოემბერია. არჩევნებში გამარჯვებული საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას 2025 წლის იანვრიდან შეუდგება.
ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში მხოლოდ ორი პარტია დომინირებს - რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია. შესაბამისად, მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ პარტიების მიერ არის ნომინირებული.
დემოკრატები - ლიბერალური პოლიტიკური პარტია შეერთებულ შტატებში.
დემოკრატიული პარტია ლიბერალური პოზიციებით გამოირჩევა სამოქალაქო უფლებების, იმიგრაციისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში. ის ფიქრობს, რომ მთავრობამ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ხალხის ცხოვრებაში, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა. პარტიის მიმართ მხარდაჭერა უფრო ძლიერია ამერიკის დიდ ქალაქებში. დემოკრატების ყოფილ პრეზიდენტებს შორის არიან ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჯონ კენედი, ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა და ა.შ.
ეს არის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსვლას ცდილობს.
რესპუბლიკელები - აშშ-ის კონსერვატიული პარტია. რესპუბლიკური პარტია ასევე ცნობილია, როგორც "დიდი ძველი პარტია", GOP – Grand Old Party - ბოლო წლებში იგი მხარს უჭერს გადასახადების შემცირებას, იარაღის ტარების უფლებას და იმიგრაციის მკაცრ შეზღუდვებს. პარტიის მიმართ მხარდაჭერა უფრო ძლიერია ამერიკის სიღრმეში მდებარე ტერიტორიებზე, დიდ და სამრეწველოს ქალაქებს დაშორებულ რაიონებში. რესპუბლიკელთა ყოფილ პრეზიდენტებს შორის არიან ჯორჯ ბუში, რონალდ რეიგანი, რიჩარდ ნიქსონი და ა.შ.
პარტიას ჯერ არ შეურჩევია საპრეზიდენტო კანდიდატი. არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება.
ვინ არიან კანდიდატები და როგორ ხდება მათი დასახელება?
ამჟამად, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. საპრეზიდენტო კამპანია 15 კანდიდატით დაიწყო - 9 რესპუბლიკელი, 4 დემოკრატი და 2 დამოუკიდებელი კანდიდატი. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოეთიშა რბოლას.
ამერიკის ორი ძირითადი პოლიტიუკური პარტია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად მართავს პრაიმერებისა და კოკუსების სერიას. აღნიშნული პროცესი განსხვავდება შტატების მიხედვით.
წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა "სუპერ სამშაბათი", რომელიც 3 მარტს გაიმართება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს ერთდროულად 10-ზე მეტ შტატში ეჯიბრებიან.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ წლის დასაწყისში გამოაცხადა ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და - მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა - მოსალოდნელია, რომ ადვილად მოიპოვებს დემოკრატიული პარტიის ნომინაციას.
რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვებას ცდილობს დონალდ ტრამპი, რომელმაც უკვე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება აიოვის შტატის კოკუსსა და ნიუ ჰემფშირის პრაიმერში. მოსალოდნელია, რომ სწორედ ის იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.
წინასაარჩევნო კამპანიაში ასევე მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატები, მათ შორის რობერტ კენედი უმცროსი, ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი.
როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?
როგორც ჰილარი კლინტორის შემთხვევაში ვნახეთ 2016 წელს, გამარჯვებული ყოველთვის არ არის ის, ვინც ეროვნულ დონზე ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან. კოლეგიაში ყოველ შტატს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავს, რადგან ის დამოკიდებულია შტატების მოსახლეობის რაოდენობაზე.
საარჩევნო კოლეგიაში 538 წევრია, შესაბამისად გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოიპოვებს კოლეგიის წევრთა უმრავლესობის ხმებს, 270 ან მეტ ხმას.
საარჩევნო კოლეგიას და ზოგადად ამ სისტემას, ბევრი კრიტიკოსი ჰყავს შეერთებულ შტატებში, თუმცა ის დიდი პატივისცემით სარგებლობს ისტორიული ფესვების გამო, რომელიც შეერთებული შტატების დაფუძნებიდან იღებს სათავეს.
აქ მოქმედებს პრინციპი "ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს" რადგან ამომრჩეველთა კოლეგიაში შტატებისათვის გათვალისწინებული ყველა ხმა გამარჯვებულ კანდიდატს მიაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი, ხშირ შემთხვევაში, მცირედით აღემატება დამარცხებული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას.
პრეზიდენტის არჩევის აღნიშნული წესი არ გამორიცხავს პრეზიდენტად იმ კანდიდატის არჩევას, რომელმაც ქვეყნის საერთო მასშტაბით ნაკლები ხმა მიიღო.
შტატების უმეტესობას აქვს ძლიერი პოლიტიკური პრეფერენციები და ძირითადად ხმას აძლევს ერთ პარტიას, მაგალითად, კალიფორნია დემოკრატებს, ხოლო ტეხასი რესპუბლიკელებს. არსებობს მერყევი შტატები, რომლებიც ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას პერიოდულობით, შესაბამისად საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით სწორედ ამ მერყევი შტატებისკენ მიემართება.
მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებია?
არა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება საპრეზიდენტო კანდიდატებზეა მიპყრობილი, ამომრჩეველი 5 ნოემბერს ასევე აირჩევს კონგრესის ახალ წევრებს.
კონგრესი - ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საკანონმდებლო ორგანო. არის ორპალატიანი. შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან.
წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ-ის ყოველი შტატიდან აირჩევიან. თითოეული შტატისთვის წარმომადგენელთა რაოდენობა შტატის მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრება. 1929 წელს მიღებული აქტით დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო რაოდენობაა 435. წარმომადგენელთა პალატის არჩევნები იმართება ორ წელწადში ერთხელ.
სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრების და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.
5 ნოემბერს ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ 435 კონგრესმენი და 33 სენატორი.
ამჟამად, წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, სენატს - დემოკრატები.
ვის აქვს ხმის მიცემის უფლება?
შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წლის ან ზევით ასაკის აშშ-ის მოქალაქეს.
სხვადასხვა შტატში განსხვავებულად რეგულირდება ხმის მიცემის უფლება პატიმრებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში მსჯავრდებული კარგავს ხმის მიცემის უფლებას იმ წუთიდან, როდესაც მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მაგრამ სასჯელის მოხდის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებაც აღდგება.
არჩევნების დღეს ადამიანთა უმეტესობა ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდია, მაგალითად, ფოსტით.
როდის შევიტყობთ შედეგებს?
ყველა ხმის დათვლას შესაძლოა რამდენიმე დღე და კვირაც დასჭირდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავარაუდოდ, ბევრი ამომრჩეველი ხმას ფოსტით მისცემს. მაგრამ როგორც წესი იმავე საღამოს, ან მეორე დილით უკვე გამოკვეთილია გამარჯვებული.
შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის ორი გზა არსებობს: არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლა ან საფოსტო ბიულეტენის გამოყენება. ამასთან, სხვადასხვა შტატს განსხვავებული წესები აქვს.
ფოსტით ხმის მიცემის გარკვეულ შესაძლებლობას ამომრჩეველს ყველა შტატი აძლევს, მაგრამ ბევრი მათგანი ითხოვს, რომ ამომრჩეველმა დაასაბუთოს მიზეზი, თუ რატომ ვერ მიდის საარჩევნო უბანზე.
როდის დაიკავებს გამარჯვებული თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს?
კანონი განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს, რომლითაც არჩეულ პრეზიდენტს მიეცემა დრო მთავრობის კაბინეტის წევრების დანიშვნისა და მისი პირველი გეგმების შემუშავებისთვის.
ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 20 იანვრიდან შეუდგება, როდესაც მისი ინაუგურაცია ჩატარდება.
ინაუგურაცია ტრადიციულად ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან, კაპიტოლიუმის კიბეებზე ტარდება.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალი პრეზიდენტი გაეშურება თეთრ სახლში, სადაც მას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი უმასპინძლებს.
მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.