"ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს", - აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე "რას ნიშნავს რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის მშენებლობა უკრაინისა და საქართველოსთვის? ოჩამჩირეში რუსული ბაზა ცვლის რამეს?" - ბენ ჰოჯესი პასუხობს:
"...მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან წარსულში უკვე დავინახეთ შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართ თავშეკავება, რაც ანაკლიის პორტს ეხება. ანაკლია ამ [რუსულ პორტთან] ძალიან, ძალიან ახლოს იქნება. მაინცდამაინც ასე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს გაანელებს თუნდაც მხოლოდ აქამდე არსებულ ენთუზიაზმს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. ვნახოთ. ვნახოთ რა მოხდება და შეძლებენ თუ არა რუსები მის აშენებას.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ე.წ. სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევიდან 15-16 წლის შემდეგაც, რუსეთი ისევ არ იცავს საკუთარ პირობებს. რუსეთს ჯარები ჰყავს განლაგებული აფხაზეთში და ახლა აპირებს საზღვაო პორტის აშენებას, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, აქ უფრო დიდი ამბავი სწორედ ესაა."
ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.
"ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო საჯარო ადგილი და ყველა საერთაშორისო სააგენტო იმ ფაქტზე მისათითებლად, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და რომ ისინი არასოდეს იცავენ დადებულ პირობებს. საქართველოს გადმოსახედიდან, მე ვიტყოდი, რომ ქვეყანამ მაინც უნდა სცადოს ანაკლიის პორტის აშენება, რადგან ის ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. ეს პორტი შავი ზღვის აუზში -- რუსეთის გარდა -- ყველას სარგებელს მოუტანს.
საქმე ეხება ყველაფერს, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. ქვეყნების სუვერენიტეტი, ერების უფლებები საკუთარი თავის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი, ნავიგაციის თავისუფლება. რუსეთი ამ ყველაფერს არღვევს ყოველ წუთს და ყოველ წამს. რუსეთს აბსოლუტურად არ აინტერესებს რამდენ რამეს დაარღვევს. აქ სასწორზე არის ის, რომ ამ ყველაფერს ჩინელები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებიან", - თქვა მან.