სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 130 დაშავდა 23 იანვარს რუსეთის მიერ მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებში, კერძოდ კიევსა და ხარკოვში 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. „ჩვენ მოვახერხეთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე ინფორმაციით, დაზიანდა 200-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის 139 საცხოვრებელი კორპუსი.
ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. კერძოდ, ხარკოვში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს - ხდება სახლების ნანგრევებისგან გაწმენდა. ჩვეულებრივი მაღალსართულიანი კორპუსი, იქ უბრალო ხალხი ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ცხოვრება არის ის, რასაც თანამედროვე რუსეთი თავისთვის საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთის ომი აუცილებლად დაბრუნდება სახლში, იქ საიდანაც მოვიდა ეს ბოროტება, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 გაანადგურეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე 20-მდე დრონი ჩამოაგდეს.