შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი კონგრესში დაიბარეს მისი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოების გამო განმარტებების გასაკეთებლად.
შესაბამისი წერილით ლოიდ ოსტინის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ როჯერსმა მიმართა.
როჯერსის განცხადებით, კონგრესი დაინტერესებულია, გაარკვიოს, დაავალა თუ არა ლოიდ ოსტინმა თანამშრომლებს, არ ეცნობებინათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მისი ჰოსპიტალიზების შესახებ.
მოსმენა დაინიშნა 14 თებერვალს.
კონგრესმენ როჯერსის განცხადებით, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზების ირგვლივ ბევრი შეკითხვა უპასუხოდ რჩება. მისი თქმით, კონგრესი შეშფოთებულია ლოიდ ოსტინის უარით, გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, უმალავდა თუ არა პრეზიდენტს ჰოსპიტალიზებას.
როჯერსი ასევე ითხოვს ოსტინისგან დეტალურ ინფორმაციას, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის უფლებამოსილების კეტლინ ჰიქსისთვის გადაცემის შესახებ, რომელიც პენტაგონს ხელმძღვანელობდა ოსტინის ავადმყოფობის დროს. როჯერსი ითხოვს ჰიქსის მიერ განხორციელებული და დამტკიცებული ქმედებების, ასევე სამხედრო ოპერაციების სიას, რომელიც ჩატარდა 2023 წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 5 იანვრამდე.
ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში პირველ იანვარს გადაიყვანეს, მაგრამ ამის შესახებ თეთრმა სახლმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო.
ოსტინს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნე დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. 22 დეკემბერს კი ოსტინს მცირე ინვაზიური ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა.
5 იანვარს პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ოსტინი 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს გეგმიური სამედიცინო პროცედურების შემდგომი გართულებების გამო.