საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი დარეგისტრირეს. ინფორმაციას Forbes-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსებმა საქართველოში 13000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა ამავე პერიოდში 6100 კომპანია დაარეგისტრირეს. მესამე ადგილი გაინაწილეს სომხეთმა და მონტენეგრომ, საც რუსებმა 3400-3400 კომპანია დაარეგისტრირეს.
Forbes-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე კი რუსებმა საქართველოში 16000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე რუსების მიერ საქართველოში 7788 კომპანია იყო დარეგისრირებული.
გამოცემა კომპანია Finion-ის დირექტორის ვიაჩესლავ კარტამიშევის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისა და საგადასახადო რეჟიმის ხელსაყრელი პირობებია, რაც ერთ-ერთი მიზეზია ამ რაოდენობით კომპანიების დარეგისტრირებისა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ხელსაყრელია ისიც, რომ რუსებსა და ბელორუსებს საქართველოში ლეგალურად შეუძლიათ საბანკო ანგარიშების გახსნა, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვისაც.