ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია – 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 22.65 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 21.57 მილიონი აშშ დოლარით.
2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.