გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართ კიევისთვის მისი არასაკმარისი დახმარების გამო.
როგორც გამოცემა Telegraph აღნიშნავს, საერთო ჯამში, შოლცსა და მაკრონს შორის დაძაბულობა უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკის სუბსიდიები, ჩინური ელექტრომობილების იმპორტი, თავდაცვის პოლიტიკა და უკრაინა. ეს უთანხმოებები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ერთობლივ მოქმედებას.
შოლცმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ისინი არ აგზავნიან საკმარის სამხედრო დახმარებას კიევში და მიანიშნა საფრანგეთზე, რომლის მხარდაჭერაც ბევრად ჩამორჩება ბერლინის მხარდაჭერას.
"გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ფრანგები საკმარისს არ აკეთებენ უკრაინისთვის... და ისინი მართლები არიან", - ამის შესახებ გამოცემის ცნობით, განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
საფრანგეთი დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის. პირველი პილოტები საფრანგეთში უახლოეს თვეებში უნდა ჩავიდნენ. საფრანგეთში სწავლის შემდეგ ისინი სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ კურსებზე ისწავლიან.