უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ისტორიულ შეთანხმებას.
გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც უკრაინასთან ასეთი დოკუმენტი გააფორმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტით დიდი ბრიტანეთის ვალდებულებები ძალაში დარჩება იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ შეუერთდება ნატო-ს.
"დღეს არის დღე, როდესაც შეიცვალა ევროპის ისტორია. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმეს ახალი და უპრეცედენტო შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია. ეს არის რეალობა, რომელიც დადგება ჩვენი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიების წყალობით. უსაფრთხოების ასეთი დონის გარანტიები რომ ყოფილიყო 1991 წლის შემდეგ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან, მაშინ რუსული აგრესია უბრალოდ არ იქნებოდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
2,5 მილიარდი ფუნტის (3 მილიარდ დოლარზე მეტი) ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შევა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო ჭურვები.
დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი დაიხარჯება უპილოტო საფრენ აპარატებზე: დაზვერვის, თავდასხმისა და შორი მანძილის საზღვაო დრონებზე. აღნიშნულია, რომ ეს იქნება უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება ნებისმიერი ქვეყნიდან.