კუბილიუსს აქვს თავისი პირადი ინტერესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გაზაფხულზე ევროპარლამენტის არჩევნები უნდა იყოს და თავის თავს სთავაზობს, როგორც საქართველოზე შემტევი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელშიც კუბილიუსმა აღნიშნა, რომ „პარტიაში ოფიციალური თანამდებობა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს“.
ქადაგიშვილის განაცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სპეკულაციების სპეკულაცია დამთავრდა, რადგან საზოგადოებას მმართველმა პარტიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შესთავაზა და თავად ევროკავშირმა თქვა, რომ კანონის მიღება არ ღირს.
„აქედან გამომდინარე, კუბილიუსმა ჯერ სამართლებრივად განმარტოს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. კუბილიუსი ცდილობს, თავი შეინარჩუნოს პოლიტიკაში და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში იქნებ ამით გახდეს საინტერესო. ანუ, სურს, რომ საქართველოს დაზიანების ხარჯზე მისი პოლიტიკური კარიერა გააგრძელოს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივი სანქციების ქვეშ ჰყავდათ, როგორც კი, უკრაინაში ომი დაიწყო. მან ისიც თქვა, რომ ბევრი აქვს სათქმელი და სასაუბრო. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ერთი საფუძველი მაინც რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდნენ. მის წინააღმდეგ იმ პრაქტიკას არ მიმართავდნენ, რაც სამართლებრივი წესების დარღვევით განხორციელდა. ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციამ ის გაამართლა და მან არაფორმალურად დასანქცირებული თანხების გამოთხოვა შეძლო...
დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აწყობდა, რადგან ნათელი გახდებოდა, ვინ რომელ მედიას აფინანსებდა, ვინ ვის მართავდა პოლიტიკურად. ოლიგარქის მიწერა ბიძინა ივანიშვილზე, ოპოზიციის მხრიდან ამის მცდელობა სულ იქნება, მაგრამ ეს იქნება უნაყოფო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.