იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 180-მდე გაიზარდა.
ისიკავას პრეფექტურის ქალაქებში, ვაძიმასა და სუძუში დაზიანებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, კატასტროფის სრული შედეგების დადგენა ვერ ხერხდება.
მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ რამდენიმე რაიონამდე მიღწევას, რათა ტრაგედიის მასშტაბები შეაფასონ. ამ დრომდე კომუნიკაციებისადმი წვდომა არ აქვს 3 345 ადამიანს.
ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია 1400-ზე მეტი სახლი. ისიკავას პრეფექტურაში 59 ათასი ოჯახი წყლის გარეშე რჩება, 15,5 ათასზე მეტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ევაკუირებულთა რაოდენობა 28 ათასს აჭარბებს.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1-ელ იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა.