8 იანვარს რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაშავდა 45 ადამიანი, ასევე ცნობილია 4 გარდაცვლილის შესახებ, - განაცხადა ვიდეომიმართვისას უკარინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"დღეს დილით, სამწუხაროდ, ისევ დაიწყო მასირებული სარაკეტო შეტევა. ხარკოვი და რეგიონი, ზაპოროჟიე, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავდა 45 ადამიანი, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის სამ რეგიონში - დონეცკში, ხერსონში, ხმელნიცკში, რუსული არმიის თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.
მან ასევე განაცხადა, რომ გამართა შეხვედრა შემდგომ საერთაშორისო სამუშაოებზე და დააანონსა დატვირთული თვე საგარეო პოლიტიკის კუთხით.
"ბევრი ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან დრონებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ სანქციებზე, რუსეთზე ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა სამართლიანობის აღდგენისთვის რუსული აქტივების კონფისკაცია.