უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ამბობს, რომ დასავლელ მოკავშირეებთან კომუნიკაციის არც ერთ ფორმატში უკრაინას არ უბიძგებენ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ომის გაყინვისკენ. ამის შესახებ კულებამ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებას ჰკითხეს, იყო თუ არა მოკავშირეთა მხრიდან წინადადება ომის გაყინვის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„მოკავშირეები არ მოგვიწოდებენ ომის გაყინვის მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, არც დელეგაციებთან შეხვედრისას და არც ვიწრო ფორმატში დახურულ შეხვედრებზე. ეს არ არის ის, რაც შეიძლება ვინმემ სამსჯელოდ გამოიტანოს. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ხმაურია,“ - თქვა დმიტრო კულებამ.
მისი თქმით, 2022 წლამდე რუსეთთან ჰქონდათ 200-მდე მოლაპარაკების რაუნდი, რომელიც საბოლოოდ სრულმასშტაბიანი შეჭრით დასრულდა.
„ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ მოქმედებენ უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტობრივად, ისინი ეხმარებიან პუტინს და უგულებელყოფენ იმ ფაქტებს, თუ როგორია რუსეთი დღეს. 2014 წლიდან 2022 წლამდე ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებების თითქმის 200 რაუნდი. მოლაპარაკება რუსეთთან და ეს იყო უკვე დე ფაქტო გაყინული კონფლიქტი, ჩვენ შევეცადეთ, დაახლოებით 20-ჯერ გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ეს გაუთავებელი მოლაპარაკებები სრულმასშტაბიანი შემოჭრით დასრულდა.
არის ომები, რომლებშიც ერთმა მხარემ უნდა გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ასეთი ომია. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. რუსეთი უნდა დამარცხდეს. ყველა პოლიტიკური მოსაზრება მიმართული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ამას“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.