გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი კიევს. მისი თქმით, დაპირებული სამხედრო დახმარების ოდენობა ამჟამად არასაკმარისია დამხოლოდ გერმანია ვერ შეძლებს უკრაინის დახმარების უზრუნველყოფას.
ამის შესახებ შოლცმა ბერლინში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
"რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, მხოლოდ ის არ იქნება საკმარისი უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე მოვუწოდებ ევროკავშირს, გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინისთვის. უკრაინისთვის დაგეგმილი სამხედრო დახმარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ძალინ მცირეა. 1-ელ თებერვალს ევროკავშირის სამიტზე ჩვენ უნდა შევადგინოთ რაც შეიძლება ზუსტი მიმოხილვა, თუ რა კონკრეტულ წვლილს შეიტანენ წელს ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად “, - განაცხადა შოლცმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბერლინი აპირებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა. შოლცმა თქვა, რომ მისი მთავრობა ყოველდღიურ კონტაქტშია მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა უკრაინაში იარაღის უფრო სწრაფი და მსხვილი მიწოდება განხორციელდეს.
უკრაინისთვის გერმანიის დახმარების მთლიანმა მოცულობამ ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ 25 მილიარდ ევროს გადააჭარბა. გასულ ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა 2024 წელს დახმარების გაზრდას 4 მილიარდი ევროდან 8 მილიარდ ევრომდე აპირებს.