უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ დღეს მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული დეზინფორმაცია და რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
ამის შესახებ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ კონფერენციაზე „საზოგადოება და თავდაცვა“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გლობალურ საინფორმაციო პოლიტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უახლოეს მომავალში.
”დღეს რუსეთი, სამწუხაროდ, აკონტროლებს საინფორმაციო სივრცის დიდ პროცენტს. ახლა მე არ ვსაუბრობ უკრაინაზე, არამედ სოციალურ ქსელებზე, ყველგან ცივილიზებულ სამყაროში: ევროპაში, აშშ-ში, ბრიტანეთში, აფრიკის კონტინენტზე, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს სხვა ქვეყნების სხვადასხვა მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი მედია, ირჩევს პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ რუსულ ნარატივებს და წარმოაჩენს არა როგორც ვინმეს შეხედულებას, არამედ როგორც რეალობას. ამიტომ, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
მეორე მთავარი გამოწვევა, რომელზეც ზელენსკიმ ისაუბრა, არის რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.
„რუსეთმა ისწავლა სანქციების გვერდის ავლა. რაკეტებში, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს, ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ წარმოებულ ნაწილებს. სამწუხაროდ, რუსეთს გვერდის ავლაში ეხმარებიან ევროპაში, აშშ-ში, ყველგან, არსებული მწარმოებელი კომპანიები ან შუამავალი კომპანიები. ამას მივაქცევდი ყურადღებას, განსაკუთრებით იმ ორგანოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების პოლიტიკაში," - აღნიშნა ზელენსკიმ.