ხალხი ნახავს, 6 თებერვლიდან როგორ ჩაერთვება საპარლამენტო უმრავლესობა რეკომენდაციების შესრულებაში და როგორ იზარმაცებს ოპოზიცია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხრა რეკომენდაცია იქნება, 12 პირობა თუ 27 შეთანხმება, საპარლამენტო უმრავლესობა ამას ყოველთვის ასრულებს.
მისივე თქმით, „ყველა კარგად ხედავს, რომ 2024 წელს ის მთავარი ფხა, რომელიც ყელში გაეჩხირა ოპოზიციას და ახრჩობს, ეს არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოპოზიციისთვის, რომელსაც ეს ფხა აქვს გაჩხერილი, მისი ყელისა და თავის ტკივილი 2024 წელს იქნება ქვეყნის წარმატება. ბუნებრივია, ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს და შეთანხმებებს, ევროპასა და ევროკავშირში კარგად იციან, საპარლამენტო უმრავლესობა როგორ მუშაობს და როგორ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით როგორი ფორმატი იქნება, სად რა შეხვედრა ჩაინიშნება და მასში როგორ მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ჩვენი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ეს არ იქნება დახურული პროცესი, როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი არ იყო დახურული და საჯაროდ ნახა ხალხმა, რომ ჩვენ ვმუშაობდით და ოპოზიცია ზარმაცობდა. მეტიც, საბოტაჟს ეწეოდა. ასევე ხალხი ნახავს, 6 თებერვლიდან როგორ ჩაერთვება საპარლამენტო უმრავლესობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში და როგორ იზარმაცებს ოპოზიცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.