აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კონგრესმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მისივე თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა.
ვიცით, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ {უკრაინელებს} ამ დახმარების იმედი აქვთ, რათა გააგრძელონ რუსეთის სასტიკ თავდასხმებთან ბრძოლა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს, რათა გაგრძელდეს დემოკრატიის დაფინანსება, რომელიც თავის დაცვას განაგრძობს.
სრულიად გასაგებია, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა. ჩვენი შეფასებით, მათ {რუსებს} კიევის აღება არ შეუძლიათ. მან {პუტინმა} ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს, მთელი უკრაინის დასამორჩილებლად.
ჩვენ ვხედავთ უკრაინას, რომელსაც შეუძლია მყარად დადგეს ფეხზე, რომელიც ავითარებს თავის ეკონომიკას, ავითარებს თავის არმიას. ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან რთული იქნება შეერთებული შტატების დამატებითი მხარდაჭერის გარეშე და ჩვენ გვჯერა, რომ უნდა გავაგრძელოთ მათი {უკრაინელების} დახმარება და ვფიქრობთ, რომ კონგრესი საბოლოოდ გააკეთებს ამას“, - განაცხადა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ სჯერა, რომ უკრაინაში ომი ახლა რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარეობს. მილერმა გაიხსენა, რომ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რა იყო ვლადიმირ პუტინის რეალური მიზანი: უკრაინის სრული დაპყრობა, ქვეყნის ხელისუფლების მოსპობა და უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რას მიაღწია უკრაინამ.
მეთიუ მილერმა გაიხსენა, რომ გასულ ზაფხულს რუსეთი გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან და მაშინ ჩანდა, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებდა მარცვლეულის ექსპორტს. თუმცა, ამავდროულად, უკრაინას ჰქონდა სამხედრო წარმატებები და სავაჭრო გემებს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილი გაუხსნა.