ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო-სამრეწველო და ბირთვული იარაღის სექტორს უბრძანა, დააჩქარონ ომისთვის მზადება. იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.
კიმ ჩენ ინის თქმით, "ეს აუცილებელია შეერთებული შტატების უპრეცედენტო კონფრონტაციული ნაბიჯებთან დასაპირისპირებლად".
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის სამთავრობო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ფხენიანი გააფართოვებს სტრატეგიულ თანამშრომლობას „ანტიიმპერიალისტურ და თვითდამკვიდრებულ ქვეყნებთან“.
„კიმ ჩენ ინმა სახალხო არმიას და საბრძოლო მასალის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებს დაუსვა ამოცანები, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს ომისთვის მზადება“, იტყობინება სააგენტო.
ჩრდილოეთ კორეა აფართოვებს კავშირებს, განსაკუთრებით რუსეთთან, ხოლო ვაშინგტონი ფხენიანს ადანაშაულებს მოსკოვისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში უკრაინის ომში გამოსაყენებლად.