ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 9.5%-მდე შეამცირა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის დონის და არსებული პროგნოზების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქება, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, კვლავ გაგრძელდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა, ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. თუ მომავალში თავი არ იჩინა მოულოდნელმა გარე შოკმა ან რისკმა, კვლავაც ეტაპობრივად გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, სებ-ის მთავარი მანდატი ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ ძალიან დეტალურად ხდება დაკვირვება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საფინანსო ბაზრებზე, გარემო ფაქტორებსა და ინფლაციის პროგნოზებზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია და ჩვენს მიზნობრივ 3%-თან ახლოს არის. ეს პროგნოზები და რეალური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი შემსუბუქება ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.