ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო.
ევროკავშირი კრძალავს რუსეთიდან ალმასების იმპორტს. აკრძალვა ვრცელდება, როგორც ბუნებრივ, ისე სინთეტიკურ ალმასებსა და ბრილიანტის სამკაულებზე. შეზღუდვა ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით ევროპელმა ექსპორტიორებმა, ხელშეკრულებით გააფორმონ მესამე ქვეყნებთან, პარტნიორი ქვეყნების გარდა, რუსეთში სენსიტიური საქონლისა და ტექნოლოგიების რეექსპორტის აკრძალვა. აღნიშნული დებულება ვრცელდება აკრძალულ საქონელზე, რომელიც რუსულ სამხედრო სისტემებში გამოიყენება ან რომელიც კრიტიკულია რუსული სამხედრო სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის.
სანქციათა მე-12 პაკეტი ითვალისწინებს „შავ სიაში“ 29 კომპანიის დამატებას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს.
ასევე, გაფართოვდა იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა რუსეთისთვის მიწოდებაც აკრძალულია, მათ შორის არის ქიმიური ნივთიერებები, ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ძრავები, მანქანების ნაწილები და ინსტრუმენტები.
სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომების გამკაცრებას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. ასევე, ევროკავშირი ამკაცრებს წესებს, რათა გააკონტროლოს ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის დაცვა.
სანქციები უწესდებათ ასევე დამატებით ფიზიკურ პირებს.
სანქციების მე-12 პაკეტის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრაინამ ომის სპონსორთა სიიდან ავსტრიული ბანკი Raiffeisen Bank International-ი ამოიღო, რასაც ავსტრია ითხოვდა.