ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პრემიერმინისტრის წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, პრემიერმინისტრმა დღეს ბევრი ილაპარაკა 12 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდაზე და ბევრი ციფრი „დაახვავა“, მაგრამ არაფერი უთქვამს თუ რამდენჯერ გაძვირდა ცხოვრება ამ პერიოდში და რამდენად ხელმიუწვდომელია ხშირად ელემენტალური საჭიროებები უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს არც იმ კითხვაზე გაუცია პასუხი, რაც ხშირად ისმის საზოგადოებაში - თუ ასე აყვავების გზაზეა ქვეყანა, რატომ არის უპრეცენდენტო მიგრაცია საქართველოდან, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის განვითარებაში მისი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს.
„სრულიად გაუგებარია, რა მასობრივ გამდიდრებაზეა საუბარი, როდესაც სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში. თუ ის კონკრეტულ ჯგუფს გულისხმობდა, ვინც ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოვებულია, აქ შეიძლება მისი დამოკიდებულება მართალი იყოს.
ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება იტყვის და გააკეთებს ყველაფერს, შეატრიალებს ყველა გზავნილს ან მოიქცევა იმგვარად, რაც მოემსახურება მათ მთავარ ამოცანას, როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება, დაიცვან ივანიშვილისა და მათი გუნდის კეთილდღეობა. ეს ამ გამოსვლაშიც გამოჩნდა დასავლეთთან დიამეტრალურად განსხვავებული გზავნილებით, როდესაც სულ ცოტახნის წინ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს მადლობას უხდიან, ამ ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ.
მიღწევების რეტროსპექტიული ანალიზისა და თავის ქების გარდა ვერ მოვისმინეთ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოსაპოვებლად, რასაც არა რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, არამედ პირველ რიგში ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია წარმოადგენს. პრაქტიკულად არცერთი სიტყვა იმ გასატარებელ რეფორმებზე არ თქმულა, რის გარეშეც დღეს ჩვენი საზოგადოების დამსახურებით მიღებული სტატუსი უბრალოდ გამოუყენებელ შესაძლებლობად დარჩება“ - განაცხადა გიგი წერეთელმა