ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, ეს არის დიდი გამარჯვება, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის, მე მინდა ჩვენს საგარეო უწყებას, პირადად მინისტრს, ჩვენს დიპლომატებს მადლობა გადავუხადო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, ოკუპაციაა და ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია არის მთავრობის გაცხადებული მიზანი.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას- მთავარი საგარეო პოლიტიკის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს არის დიდი გამარჯვება, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და მე მინდა ჩვენს საგარეო უწყებას მადლობა გადავუხადო და პირადად მინისტრს, ჩვენს დიპლომატებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2012 წლიდან დღემდე. ჩვენი პოლიტიკა რა თქმა უნდა, ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, კიდევ ვიმეორებ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, ოკუპაციაა და ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ჩვენ აქაც რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობთ სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბოლო 10 წელში უმაღლეს დონეზე გადავიდა პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ევროპის სახელმწიფოებთან. დაფუძნდა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატები, მათ შორის საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, იტალიასთან, პოლონეთთან. ასევე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის მაღალ დონეზე ჩვენი ურთიერთობები და პარტნიორობა. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.