„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო, მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც აგენტი და ა.შ. წერიაო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში აგენტების გამჭვირვალობის კანონის წარდგენაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოწმებას ითვალისწინებს. რაქვიაშვილის თქმით, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია.
„მგონი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დებატები არ გვაქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო და ეს უკვე ყელში მაქვს ამოსული. ამერიკის შემთხვევაში პოლიტიკური გავლენის აგენტი ლობისტია, საქართველოში კი ლობისტური საქმიანობა აკრძალულია. მმართველი გუნდი ისეთ ტერმინს იყენებს, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეხება და ენჯეოსექტორზე გაავრცელეს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო. ცინიკური ტყუილია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ. „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც ეს წერიაო – აგენტი და ა.შ. იდიოტური კანონები შეიძლება, ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ მათ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.