ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ მის მთავრობას და ჯო ბაიდენს ღაზაში „ჰამასის“ განადგურების შემდგომ პერიოდზე განსხვავებული ხედვები აქვთ.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ დიდად აფასებს ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერას „ჰამასის“ განადგურებისა და მძევლების დაბრუნების საქმეში, მაგრამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წინააღმდეგია ღაზის სექტორს „ჰამასი“ ან „ფათჰი“ (მოძრაობა, რომელიც ამჟამად მართავს დასავლეთ სანაპიროს) მართავდეს
„დიახ, უთანხმოებაა „ჰამასის“ შემდგომ დღეებთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქაც მივაღწევთ შეთანხმებას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
„ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებს შორის უზარმაზარი მსხვერპლის შემდეგ, ვინც ტერორიზმს ნერგავს, მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმს, არ დავუშვებ, რომ შევიდნენ ღაზაში“, - თქვა ისრაელის პრემიერმა.
"მე არ დავუშვებ, რომ ისრაელმა ოსლოს შეცდომა გაიმეოროს". - თქვა ნეთანიაჰუმ, რაშიც მან 1993 წლის შეთანხმება იგულისხმა, რომლის შედეგადაც პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შეიქმნა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიაში მხარდაჭერას კარგავს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ხისტი პოლიტიკის ელემენტების მქონე მთავრობაში ცვლილებების საჭიროებებზე ისაუბრა.
ჰამას-ისრაელის ომთან დაკავშირებით ბაიდენი ვაშინგტონში კამპანიისთვის ფულის შესაგროვებელ ღონისძიებაზე დემოკრატ დონორებს ესაუბრა. მისი თქმით, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს მთავრობა "ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიულია". მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ნეთანიაჰუს ისრაელი-პალესტინის საკითხის "ორი სახელმწიფოთი გადაწყვეტის" არ სჯერა.