უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არგენტინაში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ეკვადორის პრეზიდენტთან დანიელ ნობოასთან, ურუგვაის პრეზიდენტთან ლუის ლაკალიე პოუსთან და პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სანტიაგო პენიასთან. იუწყება უკრაინული მედია.
ნობოასთან შეხვედრისას ზელენსკიმ მაღალი შეფასება მისცა ეკვადორის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომლებიც გმობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
მან მიიწვია ეკვადორული მხარე, შეუერთდეს უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას და მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრაში 2024 წლის იანვარში, რომლის დროსაც, იგეგმება პირველი დამფუძნებელი გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადების განხილვა.
შეხვედრისას პრეზიდენტებმა განიხილეს მოსაზრებები იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვითარების დესტაბილიზაციის გამო. ასევე განიხილეს უკრაინასა და ეკვადორს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, კერძოდ, უსაფრთხოების, დიგიტალიზაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინა-ლათინური ამერიკის სამიტის გამართვის პერსპექტივას.
პენიამ და ზელენსკიმ მოსაზრებები გაცვალეს უკრაინასა და პარაგვაის შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაზე და ამაში პარაგვაის ჩართვით დაინტერესება გამოთქვა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მეტმა ლათინური ამერიკის ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის იანვარში დაგეგმილ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრაში .
ზელენსკიმ სამივე პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.