აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია, რადგან უკრაინის დახმარება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყონ.
„კიდევ რამდენიმე კვირა გვაქვს, შემდეგ კი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესაძლებლობები ამოგვეწურება“, - განაცხადა კირბიმ.
"ჩვენ ვიცით, რომ არსებობს {კონგრესში} ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. თუმცა არის რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს ყველა მძევლად აიყვანოს," - განაცხადა ჯონ კირბიმ.
მან ასევე თქვა, რომ თეთრი სახლი მზად არის, "რესპუბლიკელებთან" მოლაპარაკებები გააგრძელოს უკრაინისათვის დაფინანსების გაგრძელების უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტმა ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს.
106 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავდა 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, ასევე თანხებს ისრაელისთვის, ტაივანისთვის, ღაზის დახმარებას და საზღვრის უსაფრთხოების ზომების პაკეტს.
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.