უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ესპანელ კოლეგასთან პედრო სანჩესთან და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე.
„დღეს გულწრფელი სატელეფონო საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან. ჩემი გზავნილი ნათელი იყო: ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან დეკემბრის სამიტზე, რადგან არ არსებობს ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხში”,- წერს ორბანი „ტვიტერზე“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ უნგრელ კოლეგასთან ისაუბრა „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ პროგრესზე“ და აღნიშნა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სახელით ყველაფერს გააკეთებს კონსენსუსის მისაღწევად და უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა“, – დაწერა სანჩესმა.