ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს.
ბაიდენის თქმით, “კონგრესი და კონგრესში მყოფი რესპუბლიკელები მზად არიან, რომ პუტინს უდიდესი საჩუქარი გაუკეთონ“.
„თუ პუტინი დაიპყრობს უკრაინას, ის ამაზე არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია, რომ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. ის გააგრძელებს შეტევას და მან ეს მკაფიოდ თქვა.
ის თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს. ჩვენ, როგორც ნატო-ს წევრი, ვალდებულნი ვართ დავიცვათ ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი და მოხდება ისეთი რამ, რაც არ გვინდა და რაც ახლა არ ხდება - ამერიკის ჯარი რუსულ ჯარს შეებრძოლება," - თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატები ვერ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას, მისი უუნარობა კი დაეხმაროს უკრაინას, „აშკარად აძლიერებს პუტინის პოზიციას“.
შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის დაცვის საკითხი კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების ძირითად წყაროდ იქცა, რაც ახლა აფერხებს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.
დღეს სენატში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა უკრაინისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, რათა კომპრომისისთვის მიეღწიათ, თუმცა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან უკრაინის დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საკითხი, ხოლო რესპუბლიკელებს არ სურთ საზღვრის საკითხზე უკან დახევა.