სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი ამბობს, რომ „არსებულ პირობებში ვერ წარმოუდგენია“ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში, თუმცა სლოვაკეთი მხარს უჭერს მას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ სლოვაკურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
”ეს არის ძალიან სერიოზული სკითხი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია. მე თვითონ მაინტერესებს, მაგალითად, როგორ დაასაბუთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი გაწევრიანების წინადადებას ან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. როგორ უპასუხებს შეკითხვას, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ომში მყოფ ქვეყანასთან“, - განაცხადა ბლანარმა.
მას მიაჩნია, რომ უკრაინის მომავალში წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, „მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთი“.
ბლანარმა დასძინა, რომ სლოვაკეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს.