ლევან ხაბეიშვილმა ისე დაიყენა საქმე, რომ საკუთარ პარტიაში ვეღარ ჰგუობენ და ნახევარი პარტია აუჯანყდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვუსმინე „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელებს, მათ შორის ასაკოვან მანდილოსანს, რომელმაც თქვა, რომ ეს არის ბოლშევიკური პარტია. ხატია დეკანოიძემ, ფრაქციის თავმჯდომარემ, კარი გაიხურა და სამ დღეში თქვა, რომ ეს არის ბოლშევიკური პარტია. ეს ის პარტიაა, რომელიც ჩვენ პრორუსულს გვეძახის, რომლის თავმჯდომარე, დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი არის სამშობლოს უარმყოფელი. კაცი წავიდა გუბერნატორად მეზობელი სახელმწიფოს პრივინციაში სამუშაოდ, რადგან ალბათ ოდესის პორტში დიდი ფული იშოვებოდა. შემდეგმა თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ისე გადადგა, არც დაუბარებია ოფისში, ეძებდნენ 3-4 დღის განმავლობაში.
მელია იყო და აბსოლუტური ფიასკოთი დაასრულა საკუთარი მოღვაწეობა და იმდენად არაფრის მაქნისი აღმოჩნდა, მიუღებელი სააკაშვილისთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი პირველი მამებისთვის, რომ ხაბეიშვილს გაამარჯვებინეს. ეს ხაბეიშვილი რაც არის, კი ხედავთ. ადამიანმა ისე დაიყენა საქმე, რომ არამხოლოდ ქართველი ხალხი, რომელიც მას ვერ იტანს, საკუთარ პარტიაში ვეღარ ჰგუობენ და ნახევარი პარტია აუჯანყდა, არამხოლოდ გადაყენებას ითხოვენ, იმდენად შეაძულა თავი ხალხს, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს ბუნებრივია, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.