უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ამ ეტაპზე არ შეესაბამება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს და ევროკავშირმა კიევს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა შესთავაზოს.
„უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ ღირს, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შედეგი? “, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, დასაწყისისთვის ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს "პარტნიორობა" უკრაინას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
„დასაწყისისთვის მე უპირატესობას მივანიჭებდი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ამან შეიძლება, წაიღოს ხუთი ან ათი წელი. მოდით, დავიახლოოთ უკრაინა. დისტანცია ახლა ძალიან დიდია. მოგვეცით დრო, ერთად მუშაობა დავიწყოთ“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, ბუდაპეშტი არ ემხრობა, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაფართოების მიზნით, ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდის გეგმას. როგორც ორბანი აღნიშნავს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას ეროვნული ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრებით უნდა დაეხმარონ ან ცალკე ფონდი შექმნან.