არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება იმ მდგომარეობაში, როცა ყველა ვემზადებით გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის 2024 წელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ვისურვებდი და ვიმედოვნებ, ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან სულ ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა ჩვენი პარტიის ან ნებისმიერი სხვა პარტიის ბედი, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედი და შევძლებთ თუ არა სვლას ევროპული გზით, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
11 წელია, ამ პარტიაში ვარ, იმ დღიდან, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ოპოზიციაში და არაერთხელ მქონია განსხვავებული აზრი, მათ შორის დამიფიქსირებია საჯაროდ, მათ შორის ძალიან პრინციპულ საკითხებზე და არანაირი მიუღებლობა არ ყოფილა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად შენი პარტიის კრიტიკა არ იქცეს. ამგვარი შეუთავსებლობა თუ გაქვს, მაშინ შენი პოლიტიკური საქმიანობა უნდა გააგრძელო სხვა პარტიიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.