აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა მთელი ძალისხმევა მიმართულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებისკენ, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ღაზას კი დახმარება მიეწოდოს.
ბლინკენის თქმით, მან ისრაელის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებამდე უნდა უზრუნველყოს სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.
„ღაზის ჩრდილოეთით მასშტაბური მსხვერპლი "არ შეიძლება სამხრეთში განმეორდეს. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ტერორისტულ დაჯგუფებას დაუპირისპირდება, რომელიც არც ერთს პატივს სცემს“, - თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ისრაელმა უნდა გამოყოს სივრცეები სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში, სადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებენ თავშესაფრის პოვნას და უსაფრთხოდ ყოფნას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი თავდასხმა ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა საავადმყოფოები, თავიდან უნდა იქნას აცილებული.