ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მდივანმა მამუკა მდინარაძემ კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მარგარიტა სიმონიანი ეხმიანება „ქართული ოცნების" მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.
"საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. ნეტა სომხეთიც ასე იქცეოდეს", - წერს მარგარიტა სიმონიანი.
"ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიზიანებდეს "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს, ან ზოგადად "ქართულ ოცნებას". ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ ნაცმოძრაობის კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას.
დიახ ეს ასეა, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს, ახლა ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს, ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, დაუშვათ, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე", - თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასეთი განცხადებები "ნაცებს" აწყობთ.
"ჩვენ რომ რაღაც კონტაქტი გვქონდეს, ელემენტარულს ხომ ვთხოვდით, ხალხო, ნუ გვაქებთ, ამას საქართველოში იყენებენ ჩვენი ოპონენტები ძალიან ბინძურად".