უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან ნიკოლაი ფელდმანთან „იუთუბ-არხზე“ ინტერვიუში განაცხადა.
ფელდმანმა არესტოვიჩს სტამბოლისა და ბელარუსის მოლაპარაკებების შესახებ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.
ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, სტამბოლსა და ბელარუსში გამართული მოლაპარაკებები რუსეთთან იყო რეალური და უნდა დასრულებულიყო რეალური შეთანხმებით, რომელიც უკრაინისთვის იყო მომგებიანი.
„არახამია, რა თქმა უნდა, იყო, დელეგაციის ხელმძღვანელია და ის უფრო მეტად იყო ჩართული ვიდრე მე, თუმცა მე იქ ცოტა დრო გავატარე. შემიძლია გითხრა, რომ ეს მოლაპარაკებები იყო სავსებით რეალური და უნდა დასრულებულიყო სავსებით რეალური შეთანხმებით. ჩემი შეფასებით, ეს შეთანხმება ჩვენთვის იყო მომგებიანი. რუსეთი წავიდა ყველა სახის დათმობაზე, რომლებზეც ის აღარასდროს წავა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ ახლა მოგვცემენ 15-ჯერ მეტ შეიარაღებას, ვიდრე მოგვცეს და რამდენიმე მარცხს არ განიცდიან ფრონტზე. ვშიშობ, ჩვენ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან სამუდამოდ გავუშვით. თუმცა არ გამოვრიცხავ, 1,5-პროცენტიანი ალბათობით, რომ დასავლეთი უცებ გონს მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ იქნება მოლაპარაკებები, ასეთი პირობები აღარ იქნება, რუსებმა უკვე იგრძნეს ძალა, ჩვენი და დასავლეთის სისუსტე და ისინი უკვე აღარ წავლენ ამაზე, მოთხოვნები იქნება უარესი. ამაშია პრობლემა. ახლა იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩვენ დროს ვაჭიანურებდით, საკუთარი შრომის გაუფასურების გზით, არ არის სიმართლე. საჭიროა, სიმართლის თქმა. ტყუილი გარეთ, ტყული შიგნით, რადგან მაშინ მოუწევთ თქმა, თუ როგორ მოხდა ისე, რომ შეთანხმებებს ხელი არ მოეწერა, როგორ გადავწყვიტეთ მათზე უარის თქმა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება.
„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? პირველი – დასავლეთის პოზიციაში, რომლის ნაწილი მზად არის ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ეს დასავლეთის ინტერესებშია, რომ პარიტეტი არ დაირღვეს ჩინეთის სასარგებლოდ და მას არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი რუსეთის სახით, რაც მათ გარდაუვალი ჰგონიათ მისი დანგრევის შემთხვევაში, ან არ გაჩნდეს უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა, რომლის ადმინისტრირებასაც ისინი ვერ შეძლებენ და რომელიც გლობალურად დაარღვევს სტაბილურობას. მესმის, ეს არის კანონიერი მიზანი, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარად შეიძლებოდა. ახლა მისი მიღწევა ხდება აბსოლუტური ცინიზმით, უკრაინული სისხლის დაღვრით. მეორე მომენტი – ჩვენი პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიჩლუნგე და კორუფცია. მესამე არის პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და არაფერი აქვს სართო რეალობასთან“, – განაცხადა არესტოვიჩმა. {საქართველოს პირველი არხის მიხედვით}