პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ საკუთარ შეცდომებს უნდა გადახედოს.
„უბრალოდ, ჩახედონ საკუთარ შეცდომებს, იმავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხაბეიშვილი ამას წინათ ლაპარაკობდა, რომ, ჯამში, 16% გვაქვსო. კლებადია თან, დღევანდელი ამბებიც მიუმატეთ და ეს ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვება. შეცდომები, რომლებსაც უშვებენ, რა თქმა უნდა, ასე უფასოდ არ მიდის და ამაში დიდი პოლიტიკური საფასურის გადახდა უწევთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, 5%-იან ბარიერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.
„ასეთ პოტენციალს ვერ ვხედავ ამის 2 და 3%-მდე დაყვანის შემთხვევაში და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? რატომ უნდა წავართვათ ქვეყანას დემოკრატიული პროცესის განვითარების შესაძლებლობა, მარტო იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭირს 100 000 მხარდამჭერის მოგროვება? არ ვარგა ასე მსჯელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.