ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორდღიანი სამიტის წინ ორშაბათს, 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ უკრაინას გრძელვადიან მხარდაჭერაში. შარშან უკრაინამ მოიგო ბრძოლები კიევისთვის, ხარკოვისთვის და ხერსონისთვის. წელს ის აგრძელებს რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევარი.
"ეს არის უკრაინის დიდი გამარჯვება. ამავდროულად, რუსეთი სუსტია ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინა აგრძელებს მამაცურად ბრძოლას, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას", - დასძინა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, სამიტზე ასევე განიხილება რეფორმები, რომლებიც უკრაინას სჭირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს. მისი თქმით, ნატო-ს მიზანია უკრაინის „საუკეთესო პოზიციაში დაყენება“ შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. "ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. ის ემზადება უფრო დიდი ომისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურ მდივანს კითხვა დაუსვეს უკრაინის კონტრშეტევის შედეგების შესახებ.
"უნდა გვახსოვდეს, როგორ გვეშინოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში ჩამოიშლებოდა და პუტინი რამდენიმე დღეში დაიკავებდა კიევს. ეს არ მოხდა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზი არ გადაადგილებულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი ოკუპანტებისთვის მძიმე დანაკარგების მიყენება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.