ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მზად არის, გააგრძელოს მოქმედი ზავი, მაგრამ სრული ძალით განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში, როგორც კი მოქმედი ზავი დასრულდება.
როგორც ცნობილია, ისრაელის ოპერაცია შეჩერდა, რათა „ჰამასს ისრაელელი მძევლები ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.
„ჩვენ დავაბრუნეთ სახლში მძევლების კიდევ ერთი ჯგუფი, ბავშვები და ქალები და მე აღფრთოვანებული ვარ მთელ ერთან ერთად, როდესაც ვხედავთ გაერთიანებულ ოჯახებს“, – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოგანცხადებაში.
ნეთანიაჰუს თქმით, ბაიდენს ესაუბრა ოთხი წლის აბიგაილ იდანის შესახებ.
„რა სასიხარულოა, რომ ის კვლავ ჩვენთანაა, მაგრამ მეორეს მხრივ, რა სამწუხაროა, რომ ის უბრუნდება რეალობას, რომელშიც მშობლები აღარ ჰყავს. მას მშობლები არ ჰყავს - მაგრამ ჰყავს მთელი ხალხი, ვინც მას გულში იხუტებს. ჩვენ ყველაფერს მივცემთ, რაც მას სჭირდება," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ამჟამინდელი ოთხდღიანი ზავი შესაძლოა, გაგრძელდეს, რათა უფრო მეტი მძევალი გათავისუფლდეს.
„შეთანხმების ბოლოს ჩვენ ვბრუნდებით სრული ძალით, რათა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები: გავანადგუროთ „ჰამასი“, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა არ დაუბრუნდეს იმას, რაც იყო და, რა თქმა უნდა, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი მძევალი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.