"ჩემთვის ვარდების რევოლუცია იყო სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
‘ჩემთვის ვარდების რევოლუცია იყო სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს იყო სხვა ასოციაცია, ეს იყო კორუფციის დასრულება, ეს იყო კრიმინალის დასრულება, ეს იყო იმ განუკითხაობის დასრულება, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე, ეს იყო დიდი რეფორმების დასაწყისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, მთელ საბჭოთა რეგიონში დაიწყო დემოკრატიული რეფორმების ტალღა.
დღეს თქვენს წინაშე პირველ სპიკერად და მთავარ გმირად დღევანდელი დღის უნდა იდგეს თქვენს წინაშე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ვარდების რევოლუციის ქართველ ხალხთან ერთად მთავარი გმირი, მთავარი სულის ჩამდგმელი და შემოქმედი, სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ვარდების რევოლუციის იდეებისთვის და სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევებისთვის. ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში, ამ სულისშემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და დროულად დავასრულოთ. მჯერა, რომ ძალიან მალე ეს მოხდება და ერთად გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციას.
პრეზიდენტი სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ მოკლეს, რადგან ვერ მოკლეს მასში ვარდების რევოლუციის იდეა - ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი საქართველოს იდეა, ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ამოძრავებდა ვარდების რევოლუციას, რომელიც ამოძრავებს პრეზიდენტ სააკაშვილს და გვამოძრავებს ჩვენ, ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში და გონებაში, ამიტომ ვერასდროს მოკლავს მას ვერც ივანიშვილი და ვერც პუტინი. სწორედ ამიტომ მჯერა, დღეს როგორც არასდროს გამარჯვების და იმის, რომ ჩვენ ერთიანობით, კოალიციური ერთობით მათ შორის გამარჯვების შემდეგ, გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციის იდეას და მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.