„ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის მიცემა პოლიტიკური და ეთიკური ამორალურობის კომპონენტს შეიცავს, რადგან 2003 წლის შემდეგ არაერთი ოჯახი და ადამიანი გაუბედურდა, უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ალბათ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ნამდვილად არაფერი ეზეიმება და დაკავშირებულია იმდროინდელ პოლიტიკურ პროცესებთან. ამ პოლიტიკური გუნდისთვის სიმახინჯეა და თან მათთვის დამახასიათებელია, როცა თავიანთი პოლიტიკური წარმატება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გიორგობის დღესასწაული. ამის დაჩრდილვას, გადაფარვას რომ ცდილობენ, ლამაზი არ არის და უნდა დაფიქრდნენ. 2013-2014 წელს მობოდიშების მიუხედავად, აღქმული არ აქვთ, რომ მათ დააშავეს და ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ტერორიზმში ცხოვრობდა და მათი რეჟიმი საკუთარ ზურგზე განიცადეს. ფიქრობენ, რა მოიფიქრონ ისეთი, რითიც შეუძლიათ პოლიტიკურ თავდაღმართში მყოფი პარტიის დამუხრუჭება. ამისთვის ისეთ ფორმებს იგონებენ, თითქოს კონსოლიდაციის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტზეც და აღნიშნა, რომ მანიფესტაციით შენიღბულია იმ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ინგრევა.
„რა კონსოლიდაციაზე საუბარი, როცა მანიფესტაციით შენიღბულია იმ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ინგრევა. ყველა კარგად ხვდება, რომ გაფორმება სჭირდებათ იმის, როგორ დასრულდება კეზერაშვილისა და მელიას დაჯგუფებების დაპირისპირება. ეს არის მხოლოდ ფორმალური დასასრული, თორემ ეს პარტია დიდი ხნის წინ არის დასრულებული და დანგრეული. მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია, სხვა მხრივ, შინაარსისგან დაცლილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.