მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოს იმ ადამიანების სია, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლეს. მკვლელობა ოკუპანტების მიერ ჩადენილი განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი დანაშაულია, მაგრამ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მიიტაცა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია 2008 წელს, არსებობდა მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადი. ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, უკანონოდ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციასა და პასპორტიზაციას.
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენელია, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უზრუნველვყოთ ადეკვატური რესურსით, რაც საჭიროა ამ მისიის განსახორციელებლად.
ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ადამიანთა მკვლელობაზე.
მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოს სია იმ ადამიანების, ვინც პასუხისმსგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი მიზანმიმართული სანქციები“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.