ჩვენი მოწოდებაა შეიქმნას ევროკავშირის სასანქციო სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
„თამაზ გინტური რუსეთის ძალებმა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს მოკლეს. ჩვენ რეზოლუციაში დასახელებულია სხვა მსხვერპლთა სახელებიც. ჩვენი მოწოდებაა შეიქმნას ევროკავშირის სასანქციო სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი, ქართული სია, იმისთვის, რომ [მის საფუძველზე] დაწესდეს სანქციები საქართველოში უბრალო ადამიანების, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებებისთვის", - განაცხადა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.