მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოლდოვა ოკუპაციისგან მხოლოდ უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით გადარჩა.
ამის შესახებ სანდუმ კიევში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტო ზელენსკი, მე მადლობას გიხდით მოლდოვის ხალხის სახელით იმ უზარმაზარი მსხვერპლისთვის, რომელსაც თქვენი ჯარისკაცები იღებენ ბრძოლის ველზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ასევე მსხვერპლისთვის, რომელიც უკრაინელებმა გაიღეს თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთს მოლდოვის ოკუპაციის გეგმები ჰქონდა.
"თქვენი წინააღმდეგობის გარეშე, ჩვენი ქვეყანა გახდებოდა შემდეგი და ალბათ არც უკანასკნელი, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი მოახდენდა. უკრაინის დაცვით თქვენ ასევე იცავთ მოლდოვას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამასთან სანდუმ დაარწმუნა უკრაინელი კოლეგა, რომ მოლდოვა ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით, მათ შორის დაეხმარება საექსპორტო მარშრუტების შენარჩუნებაში.
მისი ეს განცხადება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც პოლონეთში სატვირთოს მძღოლებმა გადაკეტეს სასაზღვრო პუნქტები უკრაინის სატვირთო ტრანსპორტისთვის, იგივე მოხდა სლოვაკეთშიც.
„ჩვენი გზები და რკინიგზა დაეხმარება უკრაინულ პროდუქციას, მოხვდეს საექსპორტო ბაზრებზე“, – აღნიშნა სანდუმ.