აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Washington Post-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც კვლავ გაავლო პარალელები „ჰამასისა“და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქმედებებს შორის.
”პუტინიც და „ჰამასიც“ იბრძვიან მეზობელი დემოკრატიის რუკიდან წასაშლელად. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ ძირს გამოუთხრიან უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ მიღებული ქაოსით. ამერიკა ამას ვერ და არ დაუშვებს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - წერს ბაიდენი.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად ცდილობს კონგრესში შეიტანოს დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც აერთიანებს დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ (და კიდევ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე სხვა საკითხს, რომლებსაც აქვთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა). ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გადალახულიყო რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობა წარმომადგენელთა პალატაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
ბაიდენმა გასულ თვეში უკვე გაავლო პარალელები პუტინისა და „ჰამასის“ ქმედებებს შორის ოვალური კაბინეტიდან თანამოქალაქეებისადმი მიმართვისას. კრემლმა, რომელმაც არ დაგმო „ჰამასი“ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისთვის, ასეთ რიტორიკას და ტონს მიუღებელი უწოდა.