თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო. იუწყება Reuters
კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქთაიმ განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართება და შესაძლოა, კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს.
„იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა კანონმდებელმა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებული. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს მომდევნო კომისიის სხდომაზე“, – განუცხადა ოქთაიმ ჟურნალისტებს.
იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს. თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატო-ში მიღების დოკუმენტების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.