ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ისტორიულ მამულში, სადაც ისინი ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ. მოგვიანებით ორი ქვეყნის ლიდერი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
სი ძინპინთან შეხვედრისას ბაიდენმა თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს განსხვავებული ხედვები აქვთ, მაგრამ ყოველთვის უნდა შეინარჩუნონ დიალოგი.
„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო. მე ვაფასებ ჩვენს დიალოგს, რადგან ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ნათლად გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც ლიდერს ლიდერის, ყოველგვარი მცდარი წარმოდგენებისა და გაუგებრობის გარეშე, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სი ძინპინმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობამ სარგებელი უნდა მოუტანოს ორი ქვეყნის ხალხს და შეასრულოს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინსვლაზე.
„ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში, ის უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხს და შეასრულოს ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინსვლაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მშვიდი, მაგრამ დაპირისპირებას ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.