„შოკირებული ვარ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალში სამხედრო რეიდების გამო“ - ამის შესახებ სოციალურ მედია X-ზე (Twitter) გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი წერს.
„ახალშობილების, პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვა ყველაფერზე უპირატესი უნდა იყოს. საავადმყოფოები არ არის ბრძოლის ველი“, - ხაზგასმით აღნიშნა გრიფიტსმა.
ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელელი სამხედროები შევიდნენ. მათი განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცახდებით, ის, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალში იარაღია აღმოჩენილი მიუთითებს საავადმყოფოში ტერორისტული ჯგუფის ყოფნაზე.
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდეს - ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.
თეთრი სახლი და პენტაგონი ამბობენ, რომ "ჰამასი" იყენებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოს იარაღის შესანახად და ოპერაციების მხარდასაჭერად, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.