ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთის მხარდაჭერის გზები რეგიონული არასტაბილურობის ფონზე, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის საკითხს, რომელიც მეტი პატრულირების განახორციელების შესაძლებლობას შექმნის აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან და "ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი" სომხეთის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა ვიყოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით - შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ექნება სავალალო შედეგები ჩვენს ურთიერთობებზე“, - აღნიშნა ბორელმა.
ამასთან, ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ერევანს და ბაქოს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად. ასევე არ არის გამორიცხული, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრას დაესწროს.